responsive site development

About

მხატვარმა გია ბუღაძემ ია მღებრიშვილის მხატვრობას "ქსელის სიმფონია" უწოდა, სულ რაღაც თხუთმეტიოდე წელიწადი არ არის, რაც სახვით ხელოვნებაში საინტერესო მოვლენად წარმოჩნდა იას მხატვრობა ფაქტურის თვალსაზრისით სრულიად უცნობი გამომხატველობითი მასალა. საგამოფენო დარბაზებში არნახული ატმოსფერო სუფევდა. გაოცების, აღფრთოვანების და რაღაც ზებუნებრივთან მიახლოების განცდა ეუფლებოდა მაყურებელს, რომელიც ვერ უძებნიდა სახელს ზემოქმედების ძალას, რაც მოდიოდა კედლებზე განფენილ საოცრებათაგან. უნებურად ეძებ ავტორს, ვინ შექმნა ეს ყოველივე და ხედავ, რომ ეს არის პატარა საოცარი ღვთაებრივი ღიმილით გაცისკროვნებული ქალბატონი. თხუთმეტი წელი იღვწოდა... 1995 წლიდან 2010 წლამდე, ეს მეტეორის გადაფრენას გავს...
ია მღებრიშვილის ლიტერატურული განსჯანი და ჩანაწერები ისეთივე დონეზეა, როგორც მისი ნახატები. განათლებული მჭევრმეტყველების იშვიათი ნიმუშებია ეს ჩანაწერები, მისტერიული და სიღრმისეული. ისინი ცალკე განხილვას და ღრმა ანალიზს საჭიროებენ. მიმაჩნია, რომ მისი ჩანაწერები აუცილებლად უნდა გამოიცეს.
დღეს მე არ ვაპირებ მასზე მეცნიერულ მსჯელობას, როგორც ზემოთ მოგახსენეთ. მე მინდა ვესაუბრო მას, როგორც ცოცხალს, რადგან სული მისი მარადიულია. იგი დროდადრო შემოივლიდა ხოლმე ჩემთან, როგორც თავად ამბობდა, სულის მოსათქმელად. მიზიარებდა თავის განცდებს და ფიქრებს. ფიქრებს, რომლებიც მას განუწყვეტლივ ახლდნენ და საშველს არ აძლევდნენ. ეს ფიქრები იყო მისი ხილვები. ხილვები, რომლებიც ხშირად სულიერ კრიზისს იწვევდა... ოცნებები, რომლებიც შეჭირვებული ყოფითი გარემოს გამო რეალიზაციას ვერ ჰპოვებდნენ... თუმცა, საზოგადოებასთან ურთიერთობების დროს იგი კარგად ახერხებდა მათ დამალვას. მუდამ ღიმილიანი და კეთილი განწყობით გვესაუბრებოდა.
1997-2002 წლების პერიოდში მას განსაკუთრებით ეძალებოდა მწვავე ფიქრები. აი, ერთ-ერთი ჩანაწერი: 
"სიკვდილი მინდა, ლამაზი სიკვდილი... 
ჩემი სული დამძიმებულია გაუსაძლისი ფიქრით, საშველი არა ჩანს... თითქოს სამყარო დახშულია... სული ბორგავს, ეხეთქება კედლებს, მის გარღვევას ლამობს. არ არსებობის სურვილად ქცეულა ბედისწერა, რომელიც უსასრულობისაკენ მიმაქანებს. სახელს ვერ ვარქმევ ჩემს მდგომარეობას. აქ ვერ ვპოულობ ადგილს. მინდა, ჩუმად, ფეხაკრეფით გავეცალო აქაურობას. მინდა, რომ აღარ ვიყო, მინდა, სული განთავისუფლდეს სხეულისაგან. სუფთა, გამჭვირვალე სამოსელით ეფემერასავით გაუჩინარდეს და მარადისობას შეუერთდეს... 
სიკვდილი მინდა - ლამაზი არარსებობა... 
თითქოს წამიერად შეიგრძნობ ხელოვნების მარადიულობას: - სიყვარულის, მშვენიერებისა და უკვდავების სიმფონიას."
და მართლაც, მის მიერ დანახული სამყარო ჯერ კიდევ გაუცნობიერებელია. დედამიწაზე ჯერ არ შექმნილა ასეთი ფერწერული ტილოები, ობობას უნაზესი ქსელებით.
გაზაფხულის შემოსვლას გილოცავ, ჩემო ია. გაზაფხული, აპრილი შენია, ია-იებით ისევ აივსო შენი სათაყვანებელი თბილისი. დაგეძებ ამ უსასრულოდ ლურჯ იებს შორის, არ ვიცი, აქა ხარ თუ ზეცაში. ვეძებ შენ ღიმილს, ჩვილი ბავშვის უმანკო ღიმილს რომ წააგავდა. მთელი შენი ცხოვრება ზესწრაფვა იყო, იდუმალ სამყაროთა შეცნობის სურვილი გქონდა, ყველაფერში სილამაზეს ხედავდი. ობობას ქსელები, რომლებიც ადამიანებში უსიამო გრძნობას იწვევენ, შენ სილამაზედ გარდასახე. ამ უნიკალური მასალით უმშვენიერესი შედევრები შექმენი. ობობას ფაქიზი ქსელები ხელოვნებად აქციე და ხელმეორედ გააცოცხლე ანტიკური მითი. თავად იქეცი მოფუსფუსე ობობად "არაქნედ". მისტიურია ყოველივე ეს და მისტიური იყო შენი ცხოვრება ამქვეყნად, უბრალო ქსელები შენს ჯადოსნურ, პატარა თითებში ბრწყინვალე ნიმუშებად გარდაიქმნებოდნენ ხოლმე. ასეთია "ხარება", "შობა", "გარდამოხსნა", "აღდგომა", "ლაზარეს აღდგინება", ალბათ, გარკვეული მისიით მოხვედი ამქვეყნად და უფლის ნებითვე მალევე გაქრი მიწიერი სამყაროდან, მაგრამ შენ ეს მისია პირნათლად შეასრულე. ყველა ცოცხალი არსება ერთი მისიით მოდის ამქვეყნად, შვას თავისი მსგავსი სახედ ღვთისა, რათა სიკეთე მოუტანოს მოყვასს და შენც, როგორც სამყაროს ნაწილმა შექმენი შემოქმედების ყველაზე დიდი ნაყოფი, ორი მშვენიერი ვაჟკაცი ჯაბა და საბა და დატოვე უკვდავი შემოქმედება ტილოზე. ცისარტყელასავით გადაევლე სამყაროს და ცისარტყელასავით გაქრი, მაგრამ არ გაქრება შენი ხელოვნება.